საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაცია (საფა)

ჩვენ შესახებ

საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაცია (საფა) წარმოადგენს იუნგიანელი ანალიტიკოსების საზოგადოებას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ანალიტიკური ფსიქოლოგიის დანერგვას, განვითარებასა და პოპულარიზაციას.

საფა-ს ისტორია 1992 წელს იწყება, როდესაც საქართველოს ფსიქოთერაპევტთა და კლინიკურ ფსიქოლოგთა ასოციაცია დაარსდა. ასოციაციის მთავარი მიზანი იყო დასავლური სტანდარტების მქონე ფსიქოთერაპიის დანერგვა და გავრცელება პოსტ-საბჭოურ  საქართველოში.

1993 წელს ამავე ასოციაციაში ამ ასოციაციის პრეზიდენტის, რევაზ კორინთელის ინიციატივით შეიქმნა ანალიტიკური ფსიქოლოგიის შემსწავლელი ჯგუფი, რომელსაც აქტიური ურთიერთობა ჰქონდა ციურიხის კარლ გუსტავ იუნგის სახელობის ინსტიტუტთან.  2002 წელს აღნიშნული ჯგუფის საფუძველზე ჩამოყალიბდა  საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაცია, რომელმაც  მჭიდრო ურთიერთობა გააგრძელა ანალიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაციასთან (IAAP).

ამჟამად ასოციაციის შემადგენლობაში ცამეტი იუნგიანელი ანალიტიკოსი ერთიანდება, რომელთაც ანალიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის (IAAP) ტრეინინგ-პროგრამის გავლის შემდეგ გადაეცათ იუნგიანელი ანალიტიკოსის საერთაშორისო დიპლომი. ანალიტიკოსებთან ერთად ასოცაიციის შემადგენლობაში შედიან კანდიდატი წევრები, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო იუნგიანურ ტრეინინგ-პროგრამაში.

2022 წელს ბუენოს-აირესში ანალიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო კონგრესზე საფა გახდა IAAP-ს ჯგუფი წევრი.

IAAP-ს ჯგუფი – წევრობა ასოციაციისთვის ნიშნავს, რომ ის ეყრდნობა და იზიარებს იმ თეორიულ, პრაქტიკულ და ეთკურ ღირებულებებს, რასაც მოცემული ასოციაცია ატარებს და შეაქვს წვლილი ანალიტიკური ფსიქოლოგიის განვითარებასა და გავრცელებაში.