კარლ გუსტავ იუნგი

(1875-1961)

ბიოგრაფია

კარლ გუსტავ იუნგი დაიბადა 1975 წლის 26 ივლისს შვეიცარიის პატარა სოფელ კესვილში. მამა პროტესტანტი მღვდელი იყო, დედა ბაზელის რეგიონის მღვდლის ოჯახიდან. ადრეული ასაკიდანვე იუნგი ავლენდა ინტერესს შინაგანი ფსიქიკური სამყაროს მიმართ და მოგვიანებით, ბავშვობისდროინდელი გამოცდილებები დაეხმარა ფსიქიკის შესახებ თეორიის განვითარებაში. ასაკთან ერთად იუნგი ინტერესდებოდა სხვადასხვა მეცნიერებებით, თუმცა საბოლოო არჩევანი მედიცინის ფაკულტეტზე შეაჩერა ბაზელის უნივერსიტეტში, რომელიც 1900 წელს დაამთავდა და მიიღო მედიცინის დოქტორის ხარისხი. შემდეგ სწავლობდა ფსიქიატრიას ციურიხის უნივერსიტეტში, სადაც 1902 წელს მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1903 წელს დაქორწინდა ემა რაუშენბახზე, რომელიც გარდაცვალებამდე მისი ერთგული კომპანიონი იყო პირად და პროფესიულ ცხოვრებაში.

საუნივერსისტეტო განათლების მიღების შემდეგ იუნგმა მუშაობა ციურიხის ბიურჰერცლის საუნივერსიტეტო ფსიქიატრიულ კლინიკაში დაიწყო, იმ დროისთის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ფსიქიატრის ე. ბლოილერის ხელმძღვანელობის ქვეშ. 1903 წელს იუნგი ექსპერიმენტული ფსიქოპათოლოგიის ლაბორატორიაში ე.წ. ასოციაციური ექსპერიმენტების ჩატარებასა და დამუშავებაში ჩაერთო. ეს მეთოდი ავლენდა არაცნობიერში ემოციურად დამუხტულ იდეათა ჯგუფს, რომელთაც შემდეგ იუნგმა კომპლექსები უწოდა. იუნგმა ბიურჰერცლის კლინიკაში 1909 წლამდე იმუშავა. ამავე პერიოდში კითხულობდა ლექციებს ფსიქიატრიაში ციურიხის უნივერსიტეტში (1905-1906). ბიურჰერცლის საავადმყოფოდან წამოსვლის შემდეგ იუნგმა კიუსნახტში დაიწყო კერძო პრაქტიკა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მისი მუშაობისა და კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

1906 წელს, ზიგმუნდ ფროიდის „სიზმრების ინტერპრეტაციის“ და რამოდენიმე სხვა ნაშრომის წაკითხვის შემდეგ, იუნგმა ფსიქოანალიზის დამფუძნებელთან მიმოწერა წამოიწყო, რამაც ინტენსიური ურთიერთობის სახე მიიღო. ფროიდი თითქმის 20 წლით უფროსი იყო იუნგზე, თუმცა მათ შორის მყისიერად შედგა კავშირი. ფროიდი შემდგომში მოიხსენიებდა იუნგს როგორც მის აშკარა მემკვიდრეს, ფსიქოანალიზის „გვირგვინოსან პრინცს“. მიუხედავად ამისა, ამ ორს შორის განსხვავებები თავიდანვე ცხადი იყო. იუნგი თვლიდა, რომ არაცნობიერი არა მხოლოდ ფსიქიკური დაავადებების გამომწვევი ფაქტორი, არამედ ადამიანის შემოქმედებითობის წყაროცაა. იუნგი არაერთგზის უზიარებდა და სთავაზობდა ფროიდს ფსიქოანალიტიკურ თეორიაზე საკუთარ შეხედულებებს, თუმცა ეს ფროიდისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. 1911 წლისთვის მათი ურთიერთობა გაუარესდა, ხოლო 1913 წელს ფროიდსა და იუნგს შორის ურთიერთობა გაწყდა. ამავე წელს იუნგმა დატოვა საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური საზოგადოების პრეზიდენტის პოსტი, რომელსაც 1910 წლიდან იკავებდა.

ფროიდთან დაშორება იუნგისთვის მტკივნეული გამოცდილება იყო, რამაც გამოიწვია პიროვნული, თუმცაღა უდაოდ შემოქმედებითი კრიზისი. 1913 წლიდან დაახლოებით 1916 წლამდე იუნგისთვის ჩაღრმავებული თვითანალიზისა და საკუთარი არაცნობიერის კვლევის პერიოდი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში იუნგი სისტემატურად აკვირდებოდა და აღწერდა არაცნობიერიდან წამოსულ მასალას, ხატებისა და მათთან დაკავშირებული რთული შინაარსების სახით, რაც საფუძვლად დაედო „წითელ წიგნს“ – იუნგის გამოცდილების ერთგვარ ანგარიშს, რომელზეც მუშაობა და ილუსტრირება ადრეულ 1930-იან წლებამდე განაგრძო.

დაახლოებით იმავე პერიოდში იუნგი ავითარებდა პიროვნების თეორიას, რომლითაც პირველად ფროიდთან ურთიერთობის დასრულებისას დაინტერესდა, ცდილობდა რა გაეგო რატომ იყო მათი განსხვავებები ასეთი მძაფრი და შეურიგებელი. 1921 წელს ამ კვლევის შედეგად გამოქვეყნდა მისი წიგნი „ფსიქოლოგიური ტიპები“, რომელიც დღემდე რჩება პიროვნების თეორიის ერთ-ერთ პირველ სისტემურ მცდელობად და მაიერს-ბრიგსის ფართოდ გამოყენებადი პიროვნების ტესტის შთაგონებად. ამ პერიოდშივე განავითარა იუნგმა არაცნობიერის მისეული კონცეფცია, კერძოდ კოლექტიური არაცნობიერის და მისი შინაარსების – არქეტიპების თეორია.

1920-იან წლებში, რათა სიღრმისეულად შეესწავლა კოლექტიური არაცნობიერი, არქეტიპული პატერნები და პროცესები, პირად პრაქტიკასთან ერთად, იუნგი ბევრს მოგზაურობდა და სტუმრობდა სხვადასხვა აბორიგენ ტომებს. ის ცხოვრობდა პუებლოს ინდიელებთან ახალ მექსიკაში და არიზონაში 1923-1925 წლებში, ხოლო კენიაში მთა ელგონის მაცხოვრებლებთან 1925-1926 წლებში. ასევე ესტუმრა ეგვიპტესა და ინდოეთს. იუნგის სხვადასხვა ინტერესებს წარმოადგენდა ბუდიზმი, ინდუიზმი, ქრისტიანული მისტიციზმი, გნოსტიციზმი და ოკულტიზმი, ასახავდა რა მის ინტერესს ადამიანის სულიერი განზომილებების მიმართ, რაც იუნგისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრალური ასპექტი იყო. მისი აზრით რელიგიური ორიენტაცია მიუხედავად გამოხატულების ფორმისა, ადამიანის ფსიქიკის განუყოფელი ნაწილია და ამ ასპექტზე ზრუნვა არსებითია არა მხოლოდ კეთილდღეობისთვის, არამედ მთლიანობისკენ სწრაფვისთის, რასაც ის ინდივიდუაციას უწოდებდა. საკუთარივე ინდივიდუაციის და „მხცოვან ასაკში მიღწეული ცნობიერების გაფართოების“ ერთგვარი გამოსახულებად შეიძლება ჩაითვალოს ბოლინგენში არსებული სახლი ოთხი კოშკით. 1922 წელს იუნგმა ბოლინგენში ტბის ნაპირთან შეიძინა მამული და წლების განმავლობაში აშენებდა ე.წ. კოშკს. თავდაპირველად მას მრგვალი ქვის საცხოვრებლის სახე ჰქონდა, ხოლო საბოლოო სახე 1955 წელს მიიღო.

1932-1940 წლებში იუნგი ციურიხის ფედერალური ტექნიკური უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორად მუშაობდა, ხოლო 1944-1945 წლებში – სამედიცინო ფსიქოლოგიის პროფესორად ბაზელის უნივერსიტეტში. ასევე 1933 წლიდან 1939 წლამდე საერთაშორისო ფსიქოთერაპიული საზოგადეობის პრეზიდენტი იყო. ეს პერიოდი მდიდარია სხვადასხვა პუბლიკაციებითა და სალექციო კურსებით. 1933 წლიდან იუნგი საერთაშორისო ინტელექტუალური საზოგადოების “ერანოსის” ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გახდა და ყოველწლიური ლექციების ჩატარება დაიწყო, სადაც ევროპის გამოჩენილი მეცნიერები, ფილოსოფოსები იკრიბებოდნენ და დღემდე იკრიბებიან. 1948 წელს ციურიხში ანალიტიკურუ ფსიქოლოგიის ინსტიტუტი გაიხსნა, რომლის მიზანიც ანალიტიკურ ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიაში კვალიფიციური და საჭირო ტრენინგის მიწოდება და კვლევის წარმოება იყო. იუნგი ინსტიტუტს გარდაცვალებამდე უძღვებოდა.
იუნგის გვიანდელ ცხოვრებაში მრავალი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გახდა ფიზიკოს და კვანტური მექანიკის წამყვან ფიგურასთან ვოლფგანგ პაულისთან ურთიერთობა. ამ პერიოდს უკავშირდება იუნგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომის „ფსიქოლოგია და ალქიმია“ შექმნა, ხოლო უფრო მოგვიანებით, ფსიქიკასა და მატერიალურ სამყაროს შორის ურთიერთობის კვლევის მიმართულებით ამ თანამშრომლობამ საფუძველი დაუდო იუნგის სინქრონულობის თეორიას.
იუნგი გარდაიცვალა 1961 წლის 6 ივნისს, 85 წლის ასაკში, თავის სახლში, კიუსნახტში.