მარკუს ვესტი
იუნგმა კარიერის ადრეულ ეტაპზე, ბურგჰელცლის კლინიკაში ყოფნის დროს კოლეგებთან ერთად ასოციაციურ ექსპერიმენტებზე მუშაობა დაიწყო, რაც ნევროზისა და ისტერიის შესახებ შარკოსა და ჟანეს შრომებს და მათ საფუძველში არსებულ ‘ნერვულ შოკებს’ უკავშირდებოდა. 100 სასტიმულო სიტყვაზე (როგორიცაა პური, მაგიდა, ომი, მელანი, სიყვარული, ძაღლი, თავი, იარაღი, ერთგული, წყალი, დარტყმა და ლამპა და სხვა) ექპერიმენტის სუბიექტების დაგვიანებული, ემოციურად დატვირთული ან თავისებური პასუხების დამუშავების შედეგად იუნგმა მოახერხა „გრძნობით შეფერილი კომპლექსების“ (feeling toned complex) არსებობის დემონსტრირება, რომელიც მან პირდაპირ დაუკავშირა ჟანეს „ფიქსირებული იდეების“ცნებას (იუნგი 1934).
იუნგისთვის კომპლექსები იყო ფსიქიკის მოწყვეტილი და განდევნილი ელემენტები,რომლებიც მიუღებელნი და შემაშფოთებელნი იყვნენ ცნობიერი გონებისთვის (ეგოსთვის) და რომლებიც კონფლიქტში მოდიოდნენ ინდივიდის ცნობიერ დამოკიდებულებებთან. იუნგი წერდა:
„გრძნობით შეფერილი კომპლექსი… არის გარკვეული ფსიქიკური სიტუაციის ხატი, რომელიც ძლიერად არის ემოციურად შეფერილი და უფრო მეტიც, შეუთავსებელია რა ცნობიერების ჩვეულ დამოკიდებულებასთან, მას აქვს ავტონომიის მაღალი ხარისხი, ასე რომ გონების კონტროლი მასზე მხოლოდ შეზღუდულად თუ ვრცელდება, ამიტომ ცნობიერების სფეროში ის იქცევა როგორც გასულიერებული უცხო სხეული (იუნგი, 1934, პარ. 201)“.
როგორც იუნგი წერს, სუბიექტურად კომპლექსები საკმაოდ შემაშფოთებელი შეიძლება იყოს:
„დღეს ყველამ იცის რომ ადამიანებს „აქვთ კომპლექსები“. რაც არც ისე კარგადაა ცნობილი, თუმცა თეორიულად უფრო მნიშვნელოვანია არის ის, რომ კომპლექსებს შეუძლია ვყავდეთ ჩვენ. კომპლექსების არსებობა ეჭვის ქვეშ აყენებს მიამიტურ წარმოდგენას, რომ ცნობიერება მთლიანია, რომ იგი უდრის ფსიქიკას და რომ მას უპირატესი ნება გააჩნია. კომპლექსის ყოველი კონსტელაცია ამტკიცებს ცნობიერების დარღვეულ მდომარეობას. ამიტომ კომპლექსი უნდა იყოს ის ფსიქიკური ფაქტორი, რომელიც ენერგიის თვალსაზრისით, ფლობს ღირებულებას, რომელიც ხანდახან აღემატება ჩვენს ცნობიერ ზრახვებს. მართლაც, სინამდვილეში აქტიური კომპლექსი მომენტალურად გვაგდებს იძულების, კომპულსიური ფიქრისა და ქცევის მდგომარეობაში, რომლისთვისაც, გარკვეულ პირობებში, ერთადერთი შესაბამისი ტერმინი იქნებოდა იურიდიული ცნება „შემცირებული პასუხისმგებლობა“ (იუნგი, 1934, პარ. 200)
ამრიგად, კომპლექსები იწვევს „ცნობიერების დარღვეულ მდგომარეობას“ და შეიძლება გამოვლინდეს როგორც ემოციური რეაქციები, „ირაციონალური“ ქცევები, ფიზიკური სიმპტომები, მოგვევლინოს პერსონიფიცირებული ფორმით სიზმრებში, ისევე როგორც „ხმების“ სახით გარკვეული ფსიქოზების დროს. (იუნგი 1934, პარ. 202-3); ისინი ასევე დაკავშირებულია სულების რწმენასთან (პარ.210). როდესაც კომპლექსის ძალა არღვევს ცენტრალურ ეგო კომპლესს (იღებს კონტოლსა და დომინირებას პიროვნებაზე) ჩნდება ნევროზი. შესაბამისად, ჩვენი კომპლექსები ძალიან ძლიერები არიან და შეიძლება რთული იყოს მათი ინტეგრირება. როგორც იუნგი ამბობს, კომპლექსების საგზაო ნიშნებია „შიში და წინააღმდეგობა“.
მათ ცენტრალურობასა და მნიშვნელოვნებაზე იუნგი წერს: „კომპლექსები სინამდვილეში არაცნობიერი ფსიქიკის ცოცხალი ერთეულებია“ (პარ. 210); ფროიდის მიერ სიზმრების აღსაწერად გამოყენებული ცნობილი ფრაზის ციტირებით – არიან რა „via regia (სამეფო გზა) არაცნობიერისკენ“ იუნგი წერს:
„სამეფო გზა არაცნობიერისკენ არა სიზმარია, როგორც ფროიდი ფიქრობდა, არამედ კომპლექსი, რომელიც სიზმრებისა და სიმპტომების არქიტექტორია. ასევე არც ისე სამეფოა ეს გზა, რადგანაც კომპლექსის მიერ მითითებული გზა უფრო უხეში და უჩვეულოდ მზაკვრული ბილიკია, რომელიც ხშირად ქვესკნელში იკარგება და ზოგადად არა არაცნობიერის გულამდე მიდის არამედ მის მიღმა“ (იუნგი, 1934, პარ. 2010).
ფსიქიკა და დისოციაცია
ზემოთ მოყვენილი ციტატები გვაცნობენ ფსიქიკის განსხვავებული კონცეპციის შესახებ. თუ ფროიდთან იგი ეფუძნებოდა „ცნობიერების ერთიანობას“, იუნგისთვის კომპლექსები პიროვნებაში ავტონომიურ, „ფსიქიკის ნაწყვეტებს/ნაწილებს“ ქმნიან. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ რომ ბევრი სხვადასხვა „თვით-მდგომარეობები“ (მეს განსხვავებული გამოცდილებები) გვაქვს, რომლებიც შეიძლება იყვნენ მეტნაკლებად მიღებულნი და მისაღებნი და მეტ-ნეკლაბად ინტეგრირებულნი ჩვენი თავის იმ ძირეული ნაწილით, რომელსაც მედ – ეგოდ მივიჩნევთ.
ეს ასახავს იუნგის თეორიის საფუძველს, ფსიქიკის დისოციაციის უნარმოძრაობაში, (Haul, 1983, 1984, and Astor, 2002) რომელმაც გასაგები გახადა თუ როგორ შეიძლება ვმოძრაობდეთ, მაგალითად მოწყვლადობის, ძალაუფლების, ბრაზის, გარე ადაპტაციის, მიმღებლობის და ა.შ. მდგომარეობებს შორის. ყველა მათგანი ფსიქიკის ნაწილებია, რომლებიც უფრო მეტად საჭიროებენ სივრცეს (მიმღებლობას და ინტეგრირებას) ჩვენს ფსიქიკაში, ვიდრე განდევნას – ისინი არიან „მომავალი პიროვნების გამორღვევის/გამორკვევის მცდელობები“. ფსიქიკის ამ ნაწილებს სუბ-პერსონალიებსაც უწოდებენ (Joe Redfearn,1985)
ტრავმა და არქეტიპული ბირთვი
იუნგმა აღიარა რომ კომპლექსი წარმოშობა „ხშირად ეგრეთ წოდებული ტრავმის, ემოციური შოკის ან რაიმე მსგავსის შედეგია, რომელიც ფსიქიკას მცირე ნაწილს ატეხს“ (იუნგი, 1934, პარ. 204); ეს არის გამოცდილებები, რომელთა ატანა და ინტეგრირება ეგომ ვერ შეძლო პიროვნების განვითარების გარკეულ ეტაპზე ან წერტილში და შესაბამისად დისოცირდა.
მან ასევე შემოგვთავაზა, რომ თითოეულ კომპლექსს ფესვები არქეტიპულ ბირთვში აქვს, (ხოლო არქეტიპი ესმოდა როგორც ქცევის ინსტინქტური პატერნი). ეს არქეტიპული ბირთვია, რომელიც თუ არ გაადამიანურდა კეთილშობილი, ყოველდღიური გამოცდილებით, მაშინ ინდივიდის მიერ განიცდება როგორც საოცარი ძალის მქონედ. მაგალითად, როგორც გაბრაზებული მამა, რომელიც შემზარავად ცდილობს შენს მოკვლას, ან როგორც იდეალიზებული მამა, რომელიც შეიძლება მოვიდეს და გიხსნას, ან მშვენიერი დედა, რომელიც ქალღმერთია და შეუძლია ყველაფრის განკურნება საშინელი დედისგან განსხვავებით, რომელიც ცდილობს შენს მოწამვლას – ეს არის იმ საწინააღმდეგო წყვილების მაგალითები, რომელიც იუნგის აზრით, არქეტიპებს ახასიათებს.
კულტურული კომპლექსი
ამ სფეროში ერთ-ერთი უახლესი განვითარება მოიცავს მოსაზრებას, რომ ოჯახი და საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობთ, ასევე ღრმად მოქმედებს ჩვენს განვითარებაზე, ღირებულებებსა და თვით შეგრძნებაზე. განსაკუთრებით იმ ნაწილზე ახდენს გავლენას, თუ რომელი თვისებების განვითარება იქნება მიღებული და წახალისებული ინდივიდში და რომლების არა (Singer and Kimbles 2004). სხვა სიტყვებით რომ ითქვას, არსებობს კულტურული კომპლექსიც, რომელიც პიროვნულის მსგავსად, შეიძლება დომინირებდეს ინდივიდზე ან კომპლექსის ბუნების გაცნობიერების გზით შეიძლება ჩამოყალიბდეს პირადი დამოკიდებულება და მოხდეს მისი გამოყენება. როგორც იუნგი ამბობდა კომპლექსებზე: „ჩვენ ყველას გვაქვს კომპლექსები, ეს ფრიად ბანალური და უინტერესო ფაქტია, საინტერესო მხოლოდ იმის ცოდნაა თუ რას აკეთებენ ადამიანები თავიანთ კომპლექსებთან/კომპლექსებით, ეს არის პრაქტიკული კითხვა რომელიც მნიშვნელოვანია“ (იუნგი, 1936/1976, პარ. 175).
კოლმპექსი კლინიკურ პრაქტიკაში.
დავასრულებდი კლინიკური მაგალითით, რომელიც იუნგს მოჰყავს თავის ავტობიოგრაფიაში „მოგონებები, სიზმრები და რეფლექსიები“, ბურგჰოლცლის კლინიკაში მუშაობის პერიოდიდან. ახალგაზრდა მიმზიდველი ქალი, კლინიკაში მელანქოლიის დიაგნოზით მიიღეს, რომელიც მოგვიანებით შიზოფრენიის დიაგნოზით შეიცვალა. მანამდე, რამოდენიმე წლის მანძილზე, ის რომანტიკულად დაინტერესებული იყო მდიდარი ინდუსტრიალისტის შვილით, თუმცა სჯეროდა რა, რომ მან იგივე გრძნობით არ უპასუხა, ქალი დაქორწინდა სხვა ადამიანზე და ორი შვილი შეეძინა. ხუთი წლის თავზე ძველი მეგობარი ესტუმრა და გაუზიარა რომ მისი ქორწინება დიდი შოკი იყო იმ ახალგაზრდა კაცისთვის, რომელსაც როგორც გაირკვა გრძნობები ჰქონდა ქალის მიმართ. ამ მომენტიდან ქალს დეპრესია დაეწყო. უარესი ის მოჰყვა, რომ რამოდენიმე კვირის შემდეგ როცა ქალი ბავშვებს აბანავებდა, მოცული იყო რა შავბნელი და უბედური ფიქრებით, უფლება მისცა ქალიშვილს შეესრუტა აბაზანის წყლით გაჯერებული ღრუბელი – წყალი, რომელსაც იმ რაიონში ბანაობისთვის იყენებდნენ არ იყო დასალევად გამოსადეგი. პატარა გოგონა ტიფით დაავადდა და გარდაიცვალა. ის დედის ფავორიტი იყო. დედის დეპრესია გამწვავდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
ასოციაციური ტესტის გამოყენებით იუნგმა დაადგინა რომ ახალგაზრდა ქალი თავს მკვლელად მიიჩნევდა და უკიდურესად დამნაშავედ გრძნობდა თავს იმის გამო რაც ჩაიდინა, ისევე როგორ გლოვობდა ინდუსტრიალისტის შვილის დანაკარგს. მას მერე, რაც იუნგმა უამბო ქალს თუ რა აღმოაჩინა ასოციაციური ტესტით, იუნგის ანგარიშების მიხედვით „შედეგად ორ კვირაში შესაძლებელი გახდა ქალის გაწერა და აღარასდროს დაუწვენიათ ხელახლა“ (იუნგი, 1964, გვ.135-7). ის დაეხმარა მას ამოეცნო და შეეხედა ფსიქიკიდან განდევნილი კომპლექსებისთის.
ჩვენ არ გვჭირდება ასოციაციურ ტესტს მივმართოთ, რომ კომპლექსი ამოვიცნოთ. თუმცა კომპლექსები ყოველი ანალიტიკური სესიის შემადგენელია და ანალიტიკოსის ამოცანაა დაეხმაროს პაციენტს პიროვნების ამ ნაწილების ამოცნობაში, გაგებაში, დატევასა და ინტეგრირებაში, რაც არ უნდა ბნელი იყოს რომელიმე მათგანი.